English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
ბლოკჩეინტექნოლოგია, კრიპტოვალუტა და ციფრული ვალუტა: არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები

ჟურნალი N 4.2023

თანამედროვე ტექნოლოგიური ევოლუციის ეპოქაში, დღეისათვის არსებული ფუნდამენტური ეკონომიკური სისტემები განიცდიან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე დამაჯერებელი ცვლილებაა მომხდარი ფინანსების სფეროში. ამის მკაფიო მაგალითია ციფრული ვალუტების რიცხოვნობის სწრაფი ზრდა, რამაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
აღნიშნულიდან გამომდინარე სტატიაში განხილულია ბლოკჩეინტექნოლოგიის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები. კურსის სტაბილურობის მიხედვით, დახასიათებულია სამი ძირითადი ციფრული ვალუტა: არასტაბილური კრიპტოვალუტა (ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ.), სტაბილური კრიპტოვალუტა, ანუ სტეიბლკოინი და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა. მოცემულია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი და კონტროლირებადი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ფუნქციონირების სპეციფიკა. ნაჩვენებია ციფრული ვალუტის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები. მოყვანილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების მაგალითები. დასმულია საკითხი, თუ როგორი იქნება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის თანაარსებობა არსებულ საბანკო სისტემასთან. განხილულია ციფრული ვალუტის შექმნასა და დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. შედარებულია ციფრული ვალუტისა და ფიატური ფულის შექმნასა და დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები. გაკეთებულია ციფრული ვალუტის მომავალის პროგნოზი და წარმოდგენილია რეკომენდაციები და დასკვნები.

საკვანძო სიტყვები: ბლოკჩეინტექნოლოგია, კრიპტოვალუტა, სტეიბლკოინი, ფიატური ფული, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, ქართული ლარი.

შესავალი

თანამედროვე ტექნოლოგიური ევოლუციის ეპოქაში, დღეისათვის არსებული ფუნდამენტური ეკონომიკური სისტემები განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე დამაჯერებელი ცვლილებაა მომხდარი ფინანსების სფეროში. რომლის მკაფიო მაგალითია ციფრული ვალუტების რიცხოვნობის სწრაფი ზრდა, რამაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტები ეფუძნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც ორიენტირებულია ეროვნული ეკონომიკის მართვის სტაბილურობასა და პროგრესზე და ამით, ფაქტობრივად, წამოადგენს ასევე ტრადიციული ფიატური ფულისთვის თანამედროვე ალტერნატივასაც. ქართული ციფრული ლარის გამოჩენა ახალი საუკუნის ამ ფინანსური ცვლილებების ეტაპის დასტურია. რამდენადაც ცნობილია, საქართველო ამ ინოვაციების წინა პლანზე გამოდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია სათანადოდ იყოს გაგებული და გაცნობიერებული ასეთი წამოწყების დინამიკა, სარგებელი და გამოწვევები. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2017 წელს საქართველო მესამე ადგილზე იყო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ, ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ (გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მლრდ ლარის ბიტკოინებს ფლობს, 2017).
წინამდებარე სტატიის მიზანია ციფრული ვალუტების სამყაროს სიღრმისეული შესწავლა და მასთან ასოცირებული ხარჯების შედარება ტრადიციული ფიატური ფულის ხარჯებთან, სადაც მთავარი კოორდინატორი იქნება ქართული ლარი.
ციფრული ვალუტის შემოღების მთავარი ამოცანაა: ტრანზაქციების დააჩქარება და სიიაფე, შუამავლების ჩამოცილება, გამჭვირვალობა, მოსახლეობის ფინანსური უსაფრთხოების დაცვა და სხვ.
კვლევის ფარგლებში განხილულია მსოფლიოში არსებული ციფრული ვალუტების საპილოტე პროექტები და მათი დანერგვის არსებული მდგომარეობა, გაანალიზებულია მასთან დაკავშირებული დანახარჯები და მისი მომავალი და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

ციფრული ვალუტა

ციფრული, ანუ ელექტრონული ფორმით ფულის მიმოქცევა არაა ახალი მოვლენა მსოფლიოში (სიჭინავა დ., მაღრაძე მ., 2018). ქვეყნის მასშტაბით უნაღდო ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემების შექმნის თეორიული კვლევები დაიწყო XX საუკუნის 70-ანი წლებიდან (Букия Г. Б., Сичинава Д. Ш. и др., 1976).
ციფრული ვალუტა არის ნებისმიერი ვალუტა, რომელიც არსებობს და მიმოიქცევა მხოლოდ ელექტრონული ფორმით. ის არ არსებობს კომპიუტერული ქსელის გარეშე (Цифровая валюта: Будущее ваших денег, 2023). დღეისათვის ციფრული ვალუტის უმეტესობა, იმავდროულად კრიპტოვალუტაცაა. კრიპტოვალუტა არის ციფრული ვალუტა, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინტექნოლოგიაზე (ბლოკჩეინი, ინგლ. Block-chain – ბლოკების ჯაჭვი – მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, სახელწოდებით – „ბლოკები“, რაც დაცულია კრიპტოგრაფიულად (ბერძ. kryp-tós – საიდუმლო, დამალული), რომლის საფუძველზეც სატოში ნაკამოტომ 2008 წელს შექმნა პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი.
თვით ბლოკჩეინის შექმნის ისტორია იწყება 1982 წლიდან. ამერიკელმა კრიპტოგრაფმა დევიდ ჩაუმმა თავის დისერტაციაში პირველად წარმოადგინა ბლოკჩეინის მსგავსი პროტოკოლი (Чем известен Дэвид Чаум в мире криптовалют, 2022), რომელიც შემდგომ განავითარეს პროგრამისტმა სტიუარტ ჰაბერტმა და ფიზიკოსმა სკოტ შტორნეტმა. მათ გამოიგონეს დეცენტრალიზებული განაწილებული რეესტრი (История блокчейна: как технология блокчейн меняет мир? 2022).
ელექტრონული ფულის მიმოქცევის პროცესის მუდმივი განვი-თარების კლასიკური მაგალითია ფულად-საკრედიტო სისტემაში მისი ისეთი სახეობის გამოჩენა, როგორიცაა კრიპტოვალუტა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრიპტოვალუტის უმეტესობა აგებულია ბლოკჩეინტექნოლოგიის საფუძველზე. ის მომავლის ტექნოლოგიაა და შექმნილია ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვის, ტრანზაქციების დაჩქარების და შუამავალი რგოლების (ბანკები, ნოტარიუსები, სხვადასხვა საგადამხდელო სისტემა და ა. შ.) ჩამოსაცილებლად. დღეისათვის ის ფუნქციონირებს დეცენტრალიზებულად. მასში ინფორმაცია ინახება ბლოკების სახით და უზრუნველყოფილია მისი დაცვის მაღალი დონე. ტრანზაქციების განხორციელებისას მონაცემები ხვდება ერთდროულად კრიპტოვალუტის ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერში და ხდება მათი კოპირება. ტრანზაქცია ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მაშინ, როცა მას დაამოწმებს ქსელში ჩართული ყველა მომხმარებელი. დამოწმება გულისხმობს ბლოკჩეინში ტრანზაქციის დამატების შემდეგ შექმნილი ბლოკების რაოდენობას. როგორც წესი, ბიტკოინ ტრანზაქციები დაცულად ჩაითვლება მინიმუმ ექვსზე მეტი დამოწმების შემდეგ. ასეთი სისტემა საშუალებას იძლევა უარი ითქვას შუამავლებზე და გამორიცხავს რომელიმე ბლოკიდან ინფორმაციის მოპარვის ან შეცვლის შესაძლებლობას, რადგან ამისთვის საჭიროა კრიპტოვალუტის ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერის გატეხვა. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია და მიუღწეველიც, ვინაიდან სისტემა ავტომატურად ავლენს მონაცემების გაყალბების ან მოპარვის მცდელობას ბლოკჩეინტექნოლოგიაში ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაშიფრვისა და ჰეშირების (ჰეში – არის მათემატიკური ალგორითმი, რომელიც ნებისმიერი მოცულობის მონაცემთა მასივს გარდაქმნის ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარ ფიქსირებული სიგრძის სტრიქონად) ალგორითმების გამოყენებით (Sichinava, 2019).
ბლოკჩეინის სისტემა ერთდროულად გახსნილიცაა და ანონიმურიც. ტარანზაქციის განხორციელებისთვის მომხმარებელს ენიჭება სპეციალური პერსონალური კოდი, რომლითაც მას შეუძლია სისტემაში შესვლა და მისი გამოყენება.
ბლოკჩეინის სისტემა ღიაა ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დააკვირდეს სისტემის განვითარებას და გაეცნოს გარიგებების არქივს. მომხმარებლის ინფორმაცია დაცულია არასანქცირებული შეღწევისაგან. ბლოკჩეინის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებისას არ ხდება საკომისიო გადასახადის გადახდა. მისი ოდენობა სხვა შემთხვევებში საკმაოდ დიდია (Sichinava, 2019).
ცნობილია, რომ ბლოკჩეინტექნოლოგიას საფუძვლად უდევს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია – DLT (Distributed ledger technology). მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინი არის განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია, ყველა განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია არ არის ბლოკჩეინი. განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია, ცენტრალური უფლებამოსილების გარეშე, ერთდროულად მრავალ მხარეს აძლევს საშუალებას ჰქონდს წვდომა მუდმივად სინქრონიზებულ და განახლებულ ციფრულ სისტემაზე. ამ ტექნოლოგიას ეფუძნება ყველა სახის კრიპტოვალუტა, რაც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას.
ციფრული ვალუტები. კურსის სტაბილურობის მიხედვით შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი სახის ციფრული ვალუტა: არასტაბილური კრიპტოვალუტა (ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ.), სტაბილური კრიპტოვალუტა ანუ სტეიბლკოინი და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა.
არასტაბილური კრიპტოვალუტა არის ციფრული ვალუტა, რომელიც არაა უზრუნველყოფილი რაიმე სახის ნატურალური სიმდიდრით. რის გამოც მისი კურსი მუდმივად მერყეობს. დღეისათვის მისი მართვა არ ხდება მსოფლიოს რომელიმე ერთი ცენტრალური ორგანოს ან კერძო სტრუქტურის მიერ და, ამდენად, ის ფუნქციონირებს დეცენტრალიზებულად.
გავრცელებული ვერსიის მიხედვით, კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემქმნელია სატოში ნაკამოტო (https://cryptodnes.bg/ka/koy-e-satoshi-nakamoto/), რომელმაც 2008 წლის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ.
ბიტკოინის აღმოცენების შემდეგ, კრიპტოვალუტის ბაზარზე მრავალი ალტკოინი (ალტკოინი არის ბიტკოინის გარდა ყველა სხვა კრიპტოვალუტა) გამოჩნდა. 2023 წელს ყველაზე პოპულარული ალტკოინებია: ეთერიუმი, ეოსი, ლაიტკოინი, სტელარი და მონერო. 2022 წლის ოქტომბრისთვის მსოფლიოში შექმნილი იყო 13000-მდე კრიპტოვალუტა (Сколько всего существует криптовалют? 2022), რომელთა მიზანი იყო ბიტკოინისთვის კონკურენციის გაწევა ან მისგან განსხვავებული ფუნქციების შესრულება.
როგორც ცნობილია, ბიტკოინის ფასი არასტაბილურია, რაზედაც მეტყველებს შემდეგი სტატისტიკა: 2010 წელს მისი ფასი იყო – $ 0,39; 2017 წლის აგვისტოში – $ 3000; 2017 წლის სექტემბერში – $5000; 2017 წლის ბოლოს – $20 000; 2021 წლის ბოლოს კი – $62 000-ზე მეტი; დღეისათვის -15.11.2023, ბიტკოინის ფასი არის – $ 36,149.54.
ბიტკოინის ფასის ცვლილებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: მოთხოვნა-მიწოდება, ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში გაკეთებული დადებითი ან უარყოფითი შეფასებები, ინფრასტრუქტურა, ცნობილი ადამიანების განცხადებები, სახელმწიფოების დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ.
ციფრული ვალუტის არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად ზოგიერთმა ქვეყანამ შემოიღო კრიპტოვალუტა – სტეიბლკოინი.
სტეიბლკოინი არის ფიქსირებული, ანუ მდგრადი კურსის მქონე ციფრული ვალუტა. კრიპტოინდუსტრიაში მეტად გავრცელებული სტეიბლკოინები მიბმულია დოლარის ფასთან. ასეთი სტეიბლკოინია – Tether (USDT). 1 USDT ტოლია 1 დოლარის და გააჩნია მინიმალური გადახრა დოლარის ფასიდან. არსებობს ისეთი სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია ევროსთან. მაგალითად, Stasis Euro (EURS). აგრეთვე არის ისეთი სტეიბლკოინები, რომლებიც მიბმულია ოქროსთან. კერძოდ – PAX Gold (PAXG) და Tether Gold (XAUT) (Что такое стейблкоины? 2022).
2023 წელს საგადამხდელო სისტემამ PayPal-მა (აშშ) გამოუშვა საკუთარი სტეიბლკოინი PYUSD, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა გადახდის, ასევე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გზავნილების განხორციელება. ის გაშვებულია ეთერიუმის ქსელში ERK-20-ის ფორმატით. მისი ემიტენტია Paxos (PayPal запустил свой стейблкоин, 2020).
იაპონიაში სტეიბლკოინის გამოშვება გათვალისწინებულია 2024 წლიდან. ბირჟა ბაინანსის იაპონიის ქვეგანყოფილება ბანკ MUTB-სთან თანამშრომლობით გამოუშვებს დოლართან მიბმულ სამი სახის სტეიბლკოინს. ტაკოში ჩინოს – ბაინანსის იაპონიის ქვეგანყოფილების გენერალური მენეჯერის აზრით, სტეიბლკონები საჭიროა ფინანსური ეკოსისტემის შემდგომი გაფართოებისათვის. მისი აზრით, სტეიბილკოინების დახმარებით საერთაშორისო ტრანზაქციები უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდება (Binance запустит стейблкоины в Японии в 2024 году, 2023).
საფრანგეთის ბანკ Societe Generale Forge-მა (SGF) 2023 წლის 20 აპრილს Ethereum-ის საფუძველზე გამოუშვა ევროსთან მიბმული სტეიბლკოინი EURCoin Vertible (EURCV), რომელმაც განიცადა მკაცრი კრიტიკა იმის გამო, რომ ამით შეიზღუდა ერთრანგიანი ტრანზაქციები, არის მეტისმეტად ცენტრალიზებული, გააჩნია „ცუდი კოდინ და ხელმისაწვდომია მხოლოდ კვალიფიცირებული ინსტიტუციური კლიენტებისთვის (Сообщество раскритиковало выпущенный французским банком цифровой евро, 2023).
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (ცბცვ). ეს იგივე კრიპტოვალუტაა.
როგორც ცნობილია, ფიატური ფული არსებობს ბანკნოტების ან მონეტების სახით, ხოლო ციფრული ვალუტა მხოლოდ ციფრული ფორმით. თავისი არსით, ციფრული ვალუტა არის ჩანაწერი, რომელიც ინახება ელექტრონულად. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა მხარდაჭერილია სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის მიერ და წარმოადგენს ფიატური ფულის ანალოგს (Цифровая валюта центральных банков: где используют и тестируют, 2023), განსხვავებით კრიპტოვალუტებისგან, როგორიცაა: ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ., რომლებიც ფუნქციონირებენ დეცენტრალიზებულად და არ არიან მიბმული რომელიმე სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან.
კრიპტოვალუტები საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს (ეროვნული ბანკის გაფრთხილება, 2017). ამის საპირისპიროდ, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა, რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, არის არსებული ეროვნული ვალუტის ციფრული ფორმა და რეგულირდება ცენტრალური ბანკის მიერ (Что такое CBDC и полезно ли вводить цифровую валюту в Украине во время войны, 2022). მას აქვს იგივე იურიდიუ-ლი სტატუსი, როგორც ფიზიკურ ბანკნოტებსა და მონეტებს. ცბცვ შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: საცალო ცბცვ, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და საბითუმო ცბცვ, რომელიც განკუთვნილია ფინანსური ინსტიტუტებისთვის.
დღეისათვის მსოფლიოს 87 ქვეყანა მუშაობს ცბცვ-ზე. მათ შორისაა საქართველოც (DGEL – რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? 2023).
ფულის ადრეულმა ვერსიებმა გზა გაუხსნა დღევანდელ დახვეწილ ციფრულ ვალუტას, როგორიცაა ბიტკოინი. 2008 წელს ბიტკოინის ჩაშვებამ მიმოქცევაში გარდამტეხი როლი შეასრულა აღნიშნულ სფეროში. ამგვარმა დეცენტრალიზებულმა კრიპტოვალუტამ გამოიწვია გლობალური ინტერესი ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და დეცენტრალიზებული სისტემების პოტენციალის მიმართ. ამიტომ მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მალევე გააცნობიერა კრიპტოვალუტების გამოყენების პოტენციური სარგებელი და დაიწყო მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტების შემუშავება. მიუხედავად ციფრულ ვალუტებს შორის რიგი განსხვავებისა, მათი უმეტესობის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები ერთნაირია.

ციფრული ვალუტის ფუნქციონირების სპეციფიკა

ციფრული ვალუტების ფუნქციონირების სპეციფიკა რთულია, ის ეფუძნება ეკონომიკას, კომპიუტერულ ტექნოლოგიასა და კრიპტოგრაფიას.
ციფრული ვალუტების გამოყენებისას მნიშვნელოვანია ციფრული საფულეების გახსნა და ტრანზაქციების განხორციელება. ციფრული ვალუტების შესანახად და სამართავად მომხმარებლები იყენებენ ციფრულ საფულეებს. ეს შეიძლება იყოს აპარატურა, ან პროგრამული უზრუნველყოფა. როდესაც მომხმარებელს სურს ციფრული ვალუტის გაგზავნა, ის ტრანზაქციისთვის იყენებს თავის ციფრულ საფულეს. ეს ტრანზაქცია შემდეგ გადაეცემა ქსელს და ელოდება დამოწმებას. დამოწმების შემდეგ ტრანზაქცია ემატება რეესტრში არსებულ მონაცემებს და ციფრული ვალუტა გადადის ერთი მომხმარებლის საფულედან მეორის საფულეში. ტრანზაქციების დასაცავად და ახალი ერთეულების შექმნის გასაკონტროლებლად ციფრული ვალუტები იყენებენ კრიპტოგრაფიულ მეთოდებს.
ციფრულ საფულეებს გააჩნია ორი გასაღები: საჯარო, ანუ ღია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის და პირადი ანუ დახურული, საიდუმლო, რომელიც ცნობილია მხოლოდ მისი მფლობელისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია პირადი გასაღების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან მისი დაკარგვა ნიშნავს საფულეში არსებული ციფრული ვალუტის დაკარგვას.

ციფრული ვალუტის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები

ციფრულ ვალუტებს, ტრადიციულ ფიატნურ ვალუტებთან შედარებით, გააჩნიათ როგორც უნიკალური უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. ციფრულ ვალუტებს, განსაკუთრებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მხარდაჭერით, შეუძლიათ შუამავლების გარეშე, ხელი შეუწყონ უფრო სწრაფ ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს, შეამცირონ გადარიცხვის დრო დღეებიდან წამებამდე. შუამავლების საჭიროების აღმოფხვრა ან შემცირება ასევე იწვევს ტრანზაქციის საკომისიო გადასახადის შემცირებას, რაც განსაკუთრებით მომგებიანი შეიძლება გახდეს საერთაშორისო ფულადი გზავნილების დროს.
ციფრული საფულეს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა, რითაც ციფრულ ვალუტებს შეუძლია მიაწოდოს ფინანსური სერვისები მოსახლეობის უზარმაზარ სეგმენტებს, რომლებსაც არა აქვთ ბანკებთან ახლო ფიზიკური ურთიერთობა ან საკმარისი მომსახურება. როგორც ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველი ლევან ბოძაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ციფრული ვალუტის გამოშვება მოსახლეობას სხვადასხვა გადასახადის გადახდისას ყოველწლიურად დააზოგვინებს 600-700 მლნ ლარს. აღარ იქნება საჭირო შუამავალი ბანკები და სხვა საგადასახადო სისტემები. მომხმარებელი ციფრული ლარით პირდაპირ გადაუხდის გადასახადს ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებს, ბანკის გარეშე (ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა, 2021).
ციფრულ ვალუტას შეუძლია ასევე აღმოფრხვას საერთაშორისო ანგარიშსწორებაში არსებული ისეთი ნაკლოვანებები როგორიცაა: სიძვირე, შენელებული ტრანზაქციები, შეზღუდული წვდომა, გაუმჭირვალობა და სხვ. საერთაშორისო გადარიცხვების დრო შემცირდება სტანდარტული 3-5 დღიდან 2-10 წამამდე (Нестеров, 2023). ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უზრუნველყოფს ფინანსურ სერვისებთან თანაბარ წვდომას.
ცბცვ-ს შემოღებით ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შეუძლია განახორციელოს ფულის მასის რეგულირების უფრო ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და კონტროლი, რაც საბოლოოდ ნიშნავს ბანკის მხრიდან ეკონომიკაში პირდაპირ და სწრაფ ჩარევას. ციფრული ვალუტების შემოღებისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის მაღალი დონის უზრუნველყოფა. სწორედ ამისთვის იქნა შემოღებულ სტეიბლკოინები.
ცბცვ-ის დანერგვას შესაძლოა თან ახლდეს ტექნოლოგიური ბარიერები. ამ მხრივ პირველ რიგში საჭიროა ფართო საზოგადოების მიერ ციფრული ვალუტის გამოყენების ელემენტარული ცოდნა, მისდამი ნდობის გამოცხადება და მხარდაჭერა. განსაკუთრებით მოსახლეობის ხანდაზმულ და ტექნიკურად ნაკლებად გაცნობიერებულ ნაწილს ესაჭიროება ცბცვ-ის თავისებურებებისა და გამოყენების შესახებ ახსნა-განმარტება, ტრენინგების ორგანიზება.
ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონფინდენციალურობის დაცვას, ვინაიდან მთავრობას შეუძლია ციფრულ ვალუტაზე ზედამხედველობის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტრანზაქციები გამჭვირვალეა, მასზე დაკვირვება შესაძლებელია ინდივიდების დონემდე. ეს იწვევს პირადი ფინანსური კონფიდენციალურობის დარღვევასა და, შესაბამისად, საზოგადოების შეშფოთებასაც, განსაკუთრებით ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობას შეუძლია მასზე ზედახედველობა.
საქართველოს ციფრული ვალუტების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარება ჩამორჩება მისი დანერგვის სწრაფ განვითარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოტენციური სამართლებრივი და ტექნოლოგიური დაცვის პრობლემები. ციფრული ვალუტების ფართოდ გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს არსებული ფინანსური ინსტიტუტებისა და სისტემების ცვლილებებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური განვითარების გარკვეული რყევები.

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

ციფრული ვალუტის დანერგვის გაფართოების კვალობაზე, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ წამოიწყო საკუთარი მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის შემუშავების პროექტები. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უნიკალური მიზნები, სტრატეგიები და გამოწვევები.
დღეისათვის მსოფლიოში სამი ქვეყნის – ნიგერია, იამაიკა და ბაჰამის კუნძულები – ბანკებმა მიმოქცევაში უკვე ჩაუშვა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები. შემდეგი ოთხი ქვეყნის – ჩინეთი, ინდოეთი, განა და ურუგვაი – ბანკები იმყოფებიან ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პილოტირების სტადიაზე. ამ მიმართულებით ყველაზე წინაა ჩინეთი, სადაც უკვე გახსნილია დაახლოებით 120 მლნ ელექტრონული საფულე. მათში ტრანზაქციების მოცულობამ კი შეადგინა 1.8 ტრლნ ციფრული იუანი (Названы страны, запустившие цифровые валюты ЦБ, 2023).
ჩინეთმა გამოუშვა 2 მლრდ ერთეული „ციფრული იუანი“ და 100-100 ათასი ცალი დაურიგა შანხაის მოსახლეობას. (ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა, 2021). ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩინეთის დიდ ქალაქებში მსგავსი საპილოტე პროექტების განხორციელებას.
ჩინეთის მსგავსად, Riksbank-ის მიერ შვედეთში წარმატებით მიმდინარეობს შვედური ელექტრონული კრონის, ანუ „eKrona“-ს ციფრული ვერსიების შემუშავება, რომლის მიზანია ნაღდი ფულის გამოყენების შემცირება და მისი მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ალტერნატივის უზრუნველყოფა. პროექტი ჯერ კიდევ საპილოტე ფაზაშია, იკვლევს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და სრულმასშტაბიანი განხორციელების შედეგებს (Швеция запускает свою цифровую валюту, чтобы конкурировать с биткоином, 2021).
ბაჰამის კუნძულებმა გამოუშვა ქვიშის დოლარი (Sand Dollar), რითაც ის გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მობილური აპლიკაციის საშუალებით ოფიციალურად შემოიღო ციფრული ვალუტა.
ქვიშის დოლარით შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება ინტერნეტის გარეშეც (Глава НБГ рассказал о переходе к цифровому лари на форуме euromoney, 2022), თუმცა, როგორც იუწყებიან, ქვეყანაში ქვიშის დალარის დანერგვაში წარმოიშვა პრობლემები მას შემდეგ, რაც 2022 წლის ნოემბერში ბირჟა FTX-მა საკუთარი თავი გამოაცხადა გაკოტრებულად. ბირჟა დაფუძნებული იყო ბაჰამის კუძულებზე (Цифровая валюта Sand Dollar борется за свою значимость после падения FTX, 2023).
ევროპის ცენტრალური ბანკი აქტიურად იკვლევს ციფრული ევროს პოტენციალს. მიმდინარეობს ფართო კვლევა და საჯარო კონსულტაციები, რათა შეფასდეს ციფრული ვალუტის გამოყენების მიზანშეწონილობა და საზოგადოების ინტერესი მის მიმართ.
ევროპის ცენტრალური ბანკის მიზანია ევროს შენარჩუნება ციფრული ეპოქისთვისაც. ამით მას სურს შეთავაზოს ადამიანებს გადახდის უსაფრთხო მეთოდი და შეინარჩუნოს ფულადი სუვერენიტეტი კერძო ციფრულ ვალუტებზე. ციფრული ევროს გამოშვების დაწყებას ევროპის ცენტრალური ბანკი გეგმავს 2024 წლისთვის. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღება გამორიცხავს შუამავლის საჭიროებას. თუმცა, იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მის შემოღებას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული რისკი. კერძოდ, მსოფლიოს საფინანსო ბაზარზე არასტაბილურობის ფონზე ევროპის კომერციულ ბანკებში შეიძლება შემცირდეს აქტივები (В ЕЦБ оценили последствия введения цифрового евро, 2022).
გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, სადაც წარმატებით მიმდინარეობს ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტაზე გადასვლის სამუშაოები, შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც სწავლობს და იკვლევს ქვეყნაში ციფრული ვალუტის შესაძლო გამოყენების, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ფიატნურ ფულთან დამოკიდებულებისა და ფინანსური კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების საკითხებს. ასეთია, მაგალითად, იაპონია, რომლის ცენტრალურმა ბანკმა წარმატებით გაიარა თავისი ციფრული ვალუტის – იენის POC (Prof of Capasitiy) კონცეფციის ექსპერიმენტის მეორე ფაზა და გადავიდა პილოტირების ფაზაზე. აღნიშნული ექსპერიმენტის პროცესი მიმდინარეობდა 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით (Япония запускает пилотный проект цифровой иены – подробности, 2023).
სამხრეთ კორეამ დაიწყო ტექნოლოგიის მომწოდებლების მოძიება ცენტრალური ბანკის ციფრული ვონის შესაქმნელად. საპილოტე პროგრამის რეალიზება დაგეგმილი იყო 2021 წლის აგვისტო-დეკემბრის ფარგლებში და უკვე გაიარა ტესტირების ეტაპები (Южная Корея приступает к разработке цифровой валюты, 2021).
ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენების მთავარი ტექნოლოგიური გამოწვევაა ისეთი საიმედო სისტემების შემუშავება, რასაც შეეძლება დააკმაყოფილოს მისდამი მოთხოვნები ეროვნული მასშტაბით.
საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადასახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს (ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის, 2023). ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 2021 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. პროექტის პირველი ეტაპის დამთავრების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 15 თებერვალი (ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის, 2023).
გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ისეთი კომპანიებისგან შემდგარი სია, რომელთაც პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირების შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ. ესენია: AUGENTIC GmbH, Bitt Inc, Broxus Holdings Ltd, Currency Network Ltd, DCM Corp Limited, eCurrency Mint Inc, FARI Solutions Ltd, Ripple Labs, Inc, Sovereign Wallet Co., Ltd.
ეროვნული ბანკი განიხილავს ციფრული ლარის პროექტის ყველა იმ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელსაც ზემოხსენებული კომპანიები შესთავაზებენ. შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილ, ტექნოლოგიური პოტენციალის მქონე პარტნიორ ორგანიზაციას, რომელთანაც ერთად შექმნის საპილოტე გარემოს (ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება, 2023). მსგავსი ძალისხმევის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის კიდევ ერთი – ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ინიციატივის – „CBDC Initiative“ ჯილდო მიიღო (საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING-მა ციფრული ვალუტის ინიციატივის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა, 2023).

 


ციფრული ვალუტის შექმნასა და დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის შექმნა მრავალმხრივი გამოწვევაა. იგი სცილდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის სფეროებს და მოიცავს მარეგულირებელ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების ძირითადი ტექნოლოგია შეიძლება იყოს ბლოკჩეინი ან განაწილებული რეესტრის სხვა ფორმა. არჩევანის გაკეთება მათ შორის ხშირად დამოკიდებულია ტრანზაქციის სასურველ სიჩქარეზე, უსაფრთხოების დონესა და დეცენტრალიზაციის ხარისხზე.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მოხერხებულობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა და ციფრული საფულეს შექმნა, გადამწყვეტია საზოგადოების მიერ მისი აღიარებისა და ცნობადობისთვის.
ციფრული ვალუტის შემოღებას სჭირდება მკაფიო სამართლებრივი განმარტება და პასუხის გაცემა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ვალუტისა და ნაღდი ფულის ტოლფასობა, მის მიერ პროცენტის გამომუშავება, მისი მფლობელის უფლებები, მოვალეობები და სხვ.
არსებობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტები: AML (Anti Money Laundering – ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტი) და KYC (know your customer – იცნობდე შენს მომხმარებელს) (AML и KYC: о сложных понятиях простыми словами, 2022. KYC (know your customer – იცნობდე შენს მომხმარებელს) არის საბანკო და საფინანსო რეგულირების ტერმინი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბუკმეკერული კომპანიებისთვის.
ციფრული ვალუტის გამოყენებისას მომხმარებელთა უსაფრთხოების რეგულაციებმა უნდა დაიცვას ისინი თაღლითობის, სისტემის გაუმართაობისა და ციფრულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სხვა რისკებისაგან.
ცენტრალური ბანკების მოვალეობაა განიხილონ ციფრული ვალუტის ზემოქმედება დაკრედიტების განაკვეთებზე, ინფლაციასა და მთლიან ეკონომიკურ ზრდაზე.
მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ როგორი იქნება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის თანაარსებობა, არსებულ საბანკო სისტემასთან: ჩაანაცვლებს, შეავსებს, თუ იმუშავებს ის არსებული ფინანსური სტრუქტურების პარალელურად.
ციფრულ ვალუტაზე გადასვლისას საჭიროა გათვალისწინებული იქნეს საზოგადოების დამოკიდებულება მისდამი. საწყის ეტაპზე ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიზნით, აუცილებელი იქნება სასწავლო დაწესებულებებთან ან მუნიციპალიტეტებთან ციფრული ვალუტის გამოყენების, უპირატესობებისა და უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრების შექმნა.
სახელმწიფოში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის სრულმასშტაბიან დანერგვამდე, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირს, რათა გათვალისწინებულ იქნეს რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და საზოგადოების გამოხმაურებები. ციფრული ვალუტის გამოყენებისას მნიშვნელოვანია ტრანზაქციული მონაცემებისა და მომხმარებლების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, მათი დაცვა ჰაკერების კიბერშეტევებისაგან და სხვ.
დაბოლოს, ციფრული ვალუტის გამოყენებისას საერთაშორისო ვაჭრობის განხორციელებისა ან ფულის გადარიცხვისათვის აუცილებელია ფულის გაცვლითი კურსის, საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო რეგულაციებისა, ფინანსურ სისტემებთან თანამშრომლობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინება.

ციფრული ფულისა და ფიატური ფულის შექმნასა და დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები

ციფრული ვალუტის შემოღება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არსებულ ფინანსურ სისტემაზე, ვინაიდან ამით, ასევე არსებითად იცვლება მთლიანად ქვეყნის ფინანსური ლანდშაფტი.
ციფრული ვალუტის, კერძოდ, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტის დაწყებამდე, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების წინასწარი შეფასება. ამისათვის საჭიროა საპილოტე პროგრამების მიერ ციფრული ვალუტის შემოწმება კონტროლირებად გარემოში, რაც საშუალებას იძლევა გაირკვეს საზოგადოების რეაქცია მის მიმართ მანამ, სანამ ის დაინერგება საერთოდ ქვეყნის მასშტაბით. საპილოტე პროგრამებმა შეიძლება მოითხოვოს მათი ინფრასტრუქტურის, ადამიანისეული რესურსებისა და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობა.
ციფრული ვალუტის დანერგვა მოითხოვს ისეთი ხარჯების გაღებას, როგორიცაა: ბლოკჩეინის ან სხვა რომელიმე განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიური სისტემის აგება, კონსენსუსის მექანიზმების ინტეგრირება, სისტემის მასშტაბურობა და სხვ. გარკვეული ინვესტიციების ჩადება იქნება საჭირო ციფრული საფულეს ინტერფეისისა და უსაფრთხოების მახასიათებლების შესამუშავებლად. აუცილებელი იქნება უსაფრთხოების ძლიერი სისტემების შექმნა, რაც მოითხოვს დაცვის სისტემების რეგულარულ განახლებას, დაუცველობის ხარისხის შეფასებას, პოტენციური საფრთხეებისგან დაცვის ზომების გატარებას და სხვ., რაც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. აგრეთვე, საჭირო იქნება ხარჯების გაწევა საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის, სარეკლამო მასალების, ტრენინგ-სესიებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის კამპანიების ორგანიზებისთვის. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ახალი სისტემისთვის მხარდაჭერას და მის აღიარებას. დანახარჯების გაწევა აგრეთვე საჭირო იქნება არსებულ ფინანსურ სისტემებთან ინტეგრირებისთვის. სისტემის დანერგვასა და გამოყენებას დასჭირდება აგრეთვე ისეთი საოპერაციო ხარჯების გაწევა, როგორიცაა: ადამიანისეული რესურსების, ელექტროენერგიის, მომხმარებლის მხარდაჭერისა და სერვერის ხარჯები, რიგი გაუთვალისწინებელი ხარჯი და სხვ.
ფიატური ფულის გამოყენება მოითხოვს დანახარჯებს მის დასაბეჭდად (მოსაჭრელად) და მასალების, შრომისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ხარჯების გარდა, ფიატური ვალუტის გამოყენება დაკავშირებულია ბანკნოტების ცვეთასთან, გაყალბების პრევენციასთან და დაზიანებული, გაცვეთლი, დაკარგული ბანკნოტებისა და მონეტების შეცვლასთან. ციფრული ვალუტის დაზიანება პრაქტიკულად ნულოვანია, რადგან ის ელექტრონულია.
ფიატური ფულის გამოყენება საჭიროებს ფიზიკური ვალუტის ტრანსპორტირებისა და უსაფრთხოების დაცვის, ასევე ბანკომატების მოვლასთან და ბანკის ფილიალების მუშაობასთან და სხვ. დაკავშირებული ხარჯების გაწევას.
ციფრული ვალუტის შემთხვევაში, ტრანზაქციებზე გაწეული ხარჯების საკომისიო გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ არ გაიღება. გაიწევა მხოლოდ ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ციფრული ვალუტის სხვა ფორმებად გადაქცევასთან. ფიატური ფულის შემთხვევაში ხარჯების გაღება აუცილებელია საკომისიო გადასახადის სახით საბანკო ტრანზაქციებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო გადარიცხვებზე. გასათვალისწინებელია ასევე საკრედიტო-სადებეტო ბარათით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯები, დამუშავების საკომისიო გადასახადის ჩათვლით.
გარკვეული ხარჯების გაწევაა საჭირო როგორც ციფრული ვალუტის, ასევე ფიატური ფულის შესანახად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ციფრული ვალუტის შემთხვევაში ეს ხარჯები დაკავშირებულია ჰაკერებისაგან და მონაცემთა გაჟონვისა და არაავტორიზებული წვდომისგან დაცვასთან. შენახვის ხარჯები მინიმალურია და ჩვეულებრივ ასოცირდება განაწილებული რეესტრის ან ბლოკჩეინის უსაფრთხოებასთან. ფიატური ვალუტის შემთხვევაში კი დიდია ნაღდი ფულის, მათ შორის ბანკის სარდაფებისა და კერძო სეიფების უსაფრთხოდ დაცვის ღირებულება. ამას ემატება აგრეთვე დაზღვევის ხარჯები, რაც დაკავშირებულია პოტენციურ ქურდობასთან, დაზიანებასთან და სხვ.
ციფრული ვალუტის შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განსახორციელებლად პირდაპირი მონიტორინგისა და რეალურ დროში კორექტირების გზით ხდება ხარჯების პოტენციური დაზოგვა, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს რეაგირება ეკონომიკური პირობების ცვლილებაზე. ფიატური ვალუტის შემთხვევაში კი საჭიროა ღია ბაზრის ოპერაციებთან, სავალუტო ინტერვენციებთან და სხვა ტრადიციულ ფულად ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ხარჯების გაღება.
ციფრულ ვალუტას გააჩნია განუსაზღვრელი გამოყენების ვადა. ამიტომ მისი გამოყენების შემთხვევაში ხარჯები ძირითადად დაკავშირებულია ტექნოლოგიისა და სისტემის განახლებასთან. ფიატნურ ვალუტას კი აქვს სიცოცხლის შეზღუდული ხანგრძლიობა და, შესაბამისად, მოითხოვს ჩანაცვლების (მაგ., ქაღალდის კუპიურები და მონეტები შეიძლება გაცვდეს, დაზიანდეს, დაიკარგოს და ა.შ.) ხარჯების გაღებას.

ციფრული ვალუტის მომავალი

როგორც ზემოთ აღინიშნა, ციფრული ვალუტების დანერგვის სწრაფი ზრდა და განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალური ფინანსური ლანდშაფტის შეცვლაში. სავარაუდოდ, ქვეყნის მასშტაბით საპილოტე ფაზების დამთავრების შემდეგ, ბევრი ქვეყანა გადავა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებზე, რაც გაზრდის მის საჯარო ხელმისაწვდომობას და გამოყენებას. შემოთავაზებულ სისტემებში ტრანზაქციისთვის პერსპექტივაში უფრო და უფრო მეტი მსხვილი და მცირე ბიზნესი დაიწყებს ციფრული ვალუტებით ანგარიშსწორებას. ციფრული ვალუტის შემოღება გაზრდის ფულად ურთიერთობათა უსაფრთხოების დონეს. მოსალოდნელია უფრო სწრაფი ტრანზაქციების, უფრო ენერგოეფექტიანი კონსენსუსის მექანიზმებისა და უკეთესი მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება. ციფრული ვალუტის მიწოდებაზე მეტი კონტროლის განხორციელების შედეგად, ცენტრალურ ბანკებს შეეძლებათ გაატარონ პირდაპირი და ადაპტური მონეტარული პოლიტიკა. ტრადიციული საბანკო დაწესებულებები უდავოდ დაინახავენ ცვლილებებს მათ ოპერაციულ პარადიგმებში, იქნებიან რა ორიენტირებული ციფრულ სერვისებზე, ინტეგრაციასა და შემოსავლის ახალ მოდელებზე. რაც უფრო მეტი ქვეყანა გადავა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე, მით უფრო მეტად შემცირდება ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების დრო და დანახარჯები. გლობალური ფინანსური სტრუქტურების პოტენციალისა და სხვადასხვა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების თავსებადობის გაცნობიერება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ფულად ურთიერთობათა განვითარებას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ციფრულ ვალუტებზე საერთო სტანდარტების დაწესებასა და სხვ.
ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილად ციფრული ვალუტების გადაქცევის კვალდაკვალ, სავარაუდოდ, გაძლიერდება ზომები მომხმარებელთა უფლებებისა და აქტივების დასაცავად. ინტერნეტის სწრაფი გავრცელება მსოფლიოს ამჟამად ბანკებთან ნაკლებად დაკავშირებული მოსახლეობის დიდ ნაწილს მისცემს ფინანსურ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას. ამიტომ აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ციფრული ვალუტების, კიბერუსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობიერების პროცესზე, რათა უფრო სრულყოფილად განვითარდეს კაცობრიობის ურთიერთთანამშრომლობის უნარი, როგორც ცივილიზაციის მნიშვნელოვანი უპირატესობა და მონაპოვარი გლობალურ ეკონომიკაში.

დასკვნები და რეკომენდაციები

თავდაპირველად ციფრული ვალუტის დანერგვა მოითხოვს ვალუტის გამოყენების დაწყებისა და მიმდინარე ტექნოლოგიური ხარჯების გაწევას, რასაც შეუძლია უზრუნველყოს მათი ეფექტიანობის ამაღლება გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა დისტრიბუცია და ტრანზაქციის საფასური. ფიატურ ფულს, მისი ფიზიკური ბუნებიდან და განაწილების ტრადიციული მეთოდებიდან გამომდინარე, გააჩნია საყოველთაოდ ცნობილი და ტრადიციულად ფესვგადგმული ხარჯები.
დღეისათვის კრიპტოვალუტები საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს. მაგრამ, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე გადასვლის შემდეგ, გარდა ცენტრალური ბანკისა, ციფრული ვალუტის გამოშვება ფიზიკური პირის ან ჯგუფის მიერ კატეგორიულად უნდა აიკრძალოს მისი გაყალბების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების მიერ ციფრული ფულისადმი ნდობისა და აღიარებისთვის, სასწავლო დაწესებულებებთან და მუნიციპალიტეტებთან უნდა შეიქმნას სახელმწიფოს ციფრული ვალუტის დანერგვისა და გამოყენების შემსწავლელი ცენტრები და ჩატარდეს ტრენინგები.
სახელმწიფომ მაქსიმალურად გამარტივებული ფორმებით და ფართო მასშტაბით უნდა აამაღლოს ციფრული ვალუტის მიმართ მოსახლეობის დაინტერესება, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მათ მიერ ციფრული ვალუტის შეძენის პროცესს.
ქვეყანაში არსებულმა ბანკებმა, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა განახორციელონ მოქალაქეების პირად ანგარიშებზე არსებული ფიატური ფულის შეცვლა შესაბამისი რაოდენობის ციფრული ვალუტით.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სწრაფად და მასშტაბურად დანერგვის მიზნით, შემუშავებულ უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებლივი ბაზა, რათა პრობლემები არ შეექმნას ქვეყნის საფინანსო სისტემას.
ცენტალური ბანკის ციფრული ვალუტის რეალურ ცხოვრებაში დანერგვის დასაჩქარებლად, ცენტრალურმა ბანკმა საპილოტე გარემოში მყოფ მოსახლეობას საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ უნდა დაურიგოს ციფრული ვალუტა, რათა ადამიანებმა აწარმოონ გადახდები სახელმწიფოს ციფრული ფულით.
პერსპექტივაში შესაძლებელია და აუცილებელიც ერთიან კრიპტოვალუტაზე გადასვლა მსოფლიო მასშტაბით. ასეთი ვალუტის ფუნქცია შესაძლოა შეასრულოს დღეისათვის მიმოქცევაში არსებულმა რომელიმე კრიპტოვალუტამ, ან კიდევ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნას ახალი კრიპტოვალუტა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

ლიტერატურა:
გლდანის Bitfury, სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს (2017). https://bit.ly/2tvTKWw.
სიჭინავა დ. მაღრაძე მ. (2018). ელექტრონულ ფულზე გადასვლის წანამძღვრები და პრობლემები. გლობალიზაცია და ბიზნესი, №6,). https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/339902.
Букия Г. Б. Сичинава Д. Ш. ЛекиашвилиХ.В. Шарашидзе Б.А. Шенгелия Л.В.( 1976). Общегосударственные автоматизированные системы безналичного расчета. Сообщение АН ГССР, том 83, №3.
Цифровая валюта: Будущее ваших денег (2022). https://bitly.ws/32NPB.
Чем известен Дэвид Чаум в мире криптовалют (2022). https://bitly.ws/32NQe.
История блокчейна: как технология блокчейн меняет мир? (2022). https://bitly.ws/32Pgp.
Sichinava D. Cryptocurrency (2019). – A Future Medium of Exchange. Economics and Business, http://www..eb.tsu.ge.
Сколько всего существует криптовалют? (2022). https://bitly.ws/WamS.
Что такое стейблкоины? (2022). https://bitly.ws/32Ph8.
PayPal запустил свой стейблкоин (2020). https://habr.com/ru/news/753374/.
Binance запустит стейблкоины в Японии в 2024 году (2023). https://bitly.ws/32PhK.
Сообщество раскритиковало выпущенный французским банком цифровой евро (2023). https://bitly.ws/32Piu.
Цифровая валюта центральных банков: где используют и тестируют (2023). https://tass.ru/info/17624617.
ეროვნული ბანკის გაფრთხილება (2017). https://bitly.ws/WyVB.
Что такое CBDC и полезно ли вводить цифровую валюту в Украине во время войны (2022). https://bitly.ws/32Py2.
DGEL – რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? (2023). https://bitly.ws/32PmB.
ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა (2021). https://bitly.ws/32Pro.
Нестеров И. О. (2023). цифровые валюты центральных банков: инновационный инструмент для более эффективных внутренних и международных расчетов https://bitly.ws/WzAf.
Названы страны, запустившие цифровые валюты ЦБ (2023). https://bitly.ws/32PtU.
Швеция запускает свою цифровую валюту, чтобы конкурировать с биткоином (2021). https://bitly.ws/XBw7.
Глава НБГ рассказал о переходе к цифровому лари на форуме euromoney (2022). https://spress.ge/50313/.
Цифровая валюта Sand Dollar борется за свою значимость после падения FTX (2023). https://bitly.ws/32PtU.
В ЕЦБ оценили последствия введения цифрового евро (2022). https://bitly.ws/32Pvp.
Япония запускает пилотный проект цифровой иены – подробности (2023). https://bitly.ws/Wby6.
Южная Корея приступает к разработке цифровой валюты (2021). https://bitly.ws/32Pxg.
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის (2023). https://businessformula.ge/News/12394.
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება, 28 სექტემბერი (2023). https://bitly.ws/XmL3.
საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING-მა ციფრული ვალუტის ინიციატივის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა (2023). https://bitly.ws/XmJ7.
AML и KYC: О сложных понятиях простыми словами (2022). https://bitly.ws/32Pxo.

References:
Gldanis Bitfury, savaraudod, 16,7 miliardi laris bitkoinebs flobs (2017). Gldani's Bitfury is Believed to own 16.7 billion GEL of Bitcoins] https://bit.ly/2tvTKWw (Last seen 2023, November.) In Georgian.
Sichinava D. Maghradze M. (2018). Eleqtronul fulze gadasvlis wanamdzgvrebi da problemebi. [Preconditions and Problems of Trasition to Electronic Money. Jour. Globalization & Business, №6, 2018] https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/339902 (Last seen 2023, November.) In Georgian.
Bukiya G. B., Sichinava D., Sh. Lekishvili H.V., Sharashidze B.A., Shengeliya L.V. (1976). Obshegosudarstvennye avtomatizirovannye sistemy beznalichnogo rascheta. [Nationwide Automated Non-Cash Payment Systems. Press Report of the Academy of Sciences of the GSSR, 1976, volume 83, No. 3.] In Russian
Cifrovaya valyuta: Budushee vashih deneg (2022). [Digital Currency: The Future of Your Money.] In Russian URL: https://bitly.ws/32NPB (Last seen 2023, November).
Chem izvesten Devid Chaum v mire kriptovalyut (2022). [What is David Chaum Famous for in the World of Cryptocurrencies.] in Russian URL: https://bitly.ws/32NQe (Last seen 2023, November).
Istoriya blokchejna: kak tehnologiya blokchejn menyaet mir? (2022). [History of Blockchain: How is Blockchain Technology Changing the World?.] In Russian URL: https://bitly.ws/32Pgp (Last seen 2023, November).
Sichinava D. (2019). Cryptocurrency – A Future Medium of Exchange. Economics and Business, Journal http://www..eb.tsu.ge. In Georgian.
Skolko vsego sushestvuet kriptovalyut? (2022). [How many Cryptocurrencies Are there?] In Russian URL: https://bitly.ws/WamS (Last seen 2023, November).
Chto takoe stejblkoiny? (2022). [What Are Stablecoins?] In Russian URL: https://bitly.ws/32Ph8 (Last seen 2023, November).
PayPal zapustil svoj stejblkoin (2020). [PayPal launched its Stablecoin.] In Russian URL: https://habr.com/ru/news/753374/ (Last seen 2023, November).
Binance zapustit stejblkoiny v Yaponii v 2024 godu (2023). [Binance Will launch Stablecoins in Japan in 2024.] In Russian URL: https://bitly.ws/32PhK (Last seen 2023, November).
Soobshestvo raskritikovalo vypushennyj francuzskim bankom cifrovoj evro (2023). [The Community Criticized the Digital Euro Issued by the French Bank.] In Russian URL: https://bitly.ws/32Piu (Last seen 2023, November).
Cifrovaya valyuta centralnyh bankov: gde ispolzuyut i testiruyut (2023). Digital Currency of Central Banks: Where Are they Used and Tested.] In Russian URL: https://tass.ru/info/17624617 (Last seen 2023, November).
erovnuli bankis gafrtxileba (2017). [Warning of the National Bank.] in Georgian https://bitly.ws/WyVB.
Chto takoe CBDC i polezno li vvodit cifrovuyu valyutu v Ukraine vo vremya vojny (2022). [What is CBDC and Is it Useful to Introduce Digital Currency in Ukraine During the War.] In Russian URL: https://bitly.ws/32Py2 (Last seen 2023, November).
DGEL – ra aris cifruli valuta, romelzec erovnuli banki mushaobs? (2023). [DGEL – what Is the Digital Currency that the National Bank is Working on?] In Russian URL: https://bitly.ws/32PmB (Last seen 2023, November).
cifruli lari – ras mogvitans erovnuli bankis kriptovaluta (2023). [Digital lari – what Will the Cryptocurrency of the National Bank Bring us.] In georgian URL: https://bitly.ws/32PmB (Last seen 2023, November).
Nesterov I. O. (2023). cifrovye valyuty centralnyh bankov: innovacionnyj instrument dlya bolee effektivnyh vnutrennih i mezhdunarodnyh raschetov [Digital Currencies of Central Banks: an Innovative Tool for more Efficient Domestic and International Settlements.] In Russian URL: https://bitly.ws/WzAf.
Nazvany strany, zapustivshie cifrovye valyuty CB (2023). [The Countries that Launched Digital Currencies of the Central Bank (2023) Are Named.] In Russian URL: https://bitly.ws/32PtU (Last seen 2023, November).
Shveciya zapuskaet svoyu cifrovuyu valyutu, chtoby konkurirovat s bitkoinom (2021). [Sweden launches its Digital Currency to Compete with Bitcoin.] In Russian URL: https://bitly.ws/XBw7 (Last seen 2023, November).
Glava NBG rasskazal o perehode k cifrovomu lari na forume euromoney (2022). [The Head of the NBG Spoke about the Transition to the Digital Lari at the Euromoney Forum.] in Russian URL: https://spress.ge/50313/ (Last seen 2023, November).
Cifrovaya valyuta Sand Dollar boretsya za svoyu znachimost posle padeniya FTX (2023). [The Digital Currency Sand Dollar is Fighting for its Importance after the Fall of the FTX.] in Russian URL: https://bitly.ws/32PtU (Last seen 2023, November).
V ECB ocenili posledstviya vvedeniya cifrovogo evro (2022). [The ECB Assessed the Consequences of the Introduction of the Digital Euro.] in Russian URL: https://bitly.ws/32Pvp (Last seen 2023, November).
Yaponiya zapuskaet pilotnyj proekt cifrovoj ieny – podrobnosti (2023). [Japan Launches Digital Yen Pilot Project – Details.] in Russian URL: https://bitly.ws/Wby6 (Last seen 2023, November).
Yuzhnaya Koreya pristupaet k razrabotke cifrovoj valyuty (2021). [South Korea Is Starting to Develop a Digital Currency.] in Russian URL: https://bitly.ws/32Pxg (Last seen 2023, November).
erovnuli banki cifruli laris proeqtis Semdeg etapze gadadis (2023). [The National Bank Is Moving to the Next Stage of the Digital Lari Project.] https://businessformula.ge/News/12394. in Georgian.
erovnuli banki cifruli laris sapilote proeqtis gasashvebad emzadeba (2023). [The National Bank Is Preparing to Launch the Digital Lari Pilot Project.] in Georgian. https://bitly.ws/XmL3.
saqartvelos erovnuli banki CENTRAL BANKING-ma cifruli valutis iniciativis kategoriashi gamarjvebulad daasaxela (2023). [The National Bank of Georgia Was Named the Wnner in the Digital Currency Initiative Category by CENTRAL BANKING.]in Georgian. https://bitly.ws/XmJ7.
AML i KYC: O slozhnyh ponyatiyah prostymi slovami (2022). [About Complex Concepts in Simple Words.] in Russian URL: https://bitly.ws/32Pxo (Last seen 2023, November).

Keywords: Blockchain technology, cryptocurrency, stablecoin, fiat money, central bank digital currency, Georgian lari.
JEL Codes: G20, G21, O16,